
არჩილ ბერიძე: დღეს ორმაგი სტანდარტი ყველაზე მკაფიოდ ჩანს ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების მოქმედებებში, როცა ერთი და იგივე საკითხზე მათი პოზიცია იცვლება არა პრინციპის, არამედ პოლიტიკური ინტერესის მიხედვით
ორმაგი სტანდარტია, როცა საჯაროდ ერთს ამბობ და კულისებში სხვას აკეთებ. ორმაგი სტანდარტია, როცა სხვას სთხოვ იმას, რასაც თავად არ ასრულებ. სწორედ ასეთი უსამართლო, ორმაგი სტანდარტის მქონე დამოკიდებულების მსხვერპლია დღეს საქართველო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი განცხადებით, საქართველოში არსებული ოპოზიცია უბრალოდ არა მარიონეტი, არამედ გარე ძალების ხელში ქვეყნის წინააღმდეგ არსებული ინსტრუმენტია.
„სანქციების კოორდინატორების მიერ, არაერთ გზის გაკეთებული შეფასებების მიუხედავად, რომ საქართველო იცავს არსებულ საერთაშორისო სანქციებს და ძალისხმევას არ იშურებს, რომ ვერავინ შეძლოს მისთვის თავის არიდება, უსაფუძვლო ბრალდებები კვლავ გრძელდება. თანაც, ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციებმა არაერთი დასავლური ქვეყანა ამხილეს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
სწორედ ამიტომ, ისმის ლოგიკური კითხვა: არის თუ არა ეს ყველაფერი ორმაგი სტანდარტი? და არის თუ არა მსგავსი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპატივცემულობა? პასუხი მარტივია: დიახ, ეს ნამდვილად ასეა. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში მათ დაქვემდებარებაში არსებულმა ხელისუფლებამ ხელ-ფეხი გაუხსნა, ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა და მიაჩვია მსგავს დამოკიდებულებას გარე ძალები.
არანაკლებ მნიშვნელოვანი და საფრთხის შემცველია ქვეყნის შიგნით არსებული ორმაგი სტანდარტი. დღეს ორმაგი სტანდარტი ყველაზე მკაფიოდ ჩანს ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების მოქმედებებში, როცა ერთი და იგივე საკითხზე მათი პოზიცია იცვლება არა პრინციპის, არამედ პოლიტიკური ინტერესის მიხედვით.
დიახ, ხშირ შემთხვევაში ეს მიდგომები გარედან არის ნაკარნახევი და გარკვეულწილად „დატრენინგებულიც“, მაგრამ ეს, რადიკალურ ძალებს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
