
არჩილ ბერიძე: რაც „ევრობიუროკრატებისთვის“ მისაღებია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენთან პრობლემად ცხადდება. ამგვარი მიდგომა ეჭვქვეშ აყენებს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც თითქოსდა მოქმედებს „ევრობიუროკრატია“
ჩვენი საზოგადოება, წლებია აკვირდება პროცესს, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და მცდელობას, ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ გავლენის ქსელი, რომელსაც საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ბერიძის განცხადებით, ერთი და იგივე ქმედება გარე ძალების მხრიდან სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ითვლება ნორმად, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს აქ რადიკალურად იცვლება მათი დამოკიდებულება და ვლინდება ორმაგი სტანდარტი.
„თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ორმაგ სტანდარტზე, რომელიც უკვე წლებია, გარე ძალების მხრიდან თან სდევს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არსებულ დამოკიდებულებას. ერთი და იგივე ქმედება, ერთი და იგივე პროცესი, ერთი და იგივე პოლიტიკური ნაბიჯი, როცა ეს არ ეხება საქართველოს, გარე ძალების მიერ ნორმად ითვლება. მაგრამ როდესაც საუბარია საქართველოზე, ზუსტად იდენტური საკითხი, ხდება ყოველმხრივი კრიტიკის, ზეწოლისა და ხშირ შემთხვევაში ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი და დაუფარავი ჩარევის საფუძველი“, - განაცხადა ბერიძემ.
არჩილ ბერიძემ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე წარმოაჩინა „ევრობიუროკრატთა“ უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორმაგი სტანდარტის არსებობას.
„განსაკუთრებით თვალშისაცემია „ევრობიუროკრატიის“ დამოკიდებულება, რომელიც საკუთარ სივრცეში ერთ რეალობას ამართლებს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში — სრულიად სხვა კრიტერიუმებით მოქმედებს. რაც მათთვის მისაღებია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენთან აღნიშნული პრობლემად ცხადდება. ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც თითქოსდა მოქმედებს „ევრობიუროკრატია“.
