
აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა
სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შაბათს, ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ახალი შეზღუდვები ეხება დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხა კანადის მიერ აშშ-ში განხორციელებული ექსპორტის მხოლოდ 5%-ზე ოდნავ მეტს შეადგენს, ეს ნაბიჯი პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შორის ურთიერთობების სერიოზულ დაძაბვაზე მიუთითებს.
ეს ესკალაცია, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაართულებს აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (USMCA) განახლებაზე დაგეგმილ უფრო ფართო მოლაპარაკებებს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერა და კანადა ახალ ტარიფებს „დოლარზე დოლარის“ პრინციპით, პროპორციული საპასუხო ზომებით უპასუხებს.
„მივიღე გადაწყვეტილება შევაჩერო სავაჭრო მოლაპარაკებები აშშ-თან და კანადელ მომლაპარაკებლებს ოტავაში დაბრუნება დავავალე“, - აღნიშნულია კარნის ოფიციალურ განცხადებაში.
„მომლაპარაკებლები ბოლო წუთამდე კეთილსინდისიერად და დაუღალავად შრომობდნენ კანადელების ინტერესების დასაცავად. თუმცა, ამერიკული მხარის მიერ ბოლო წუთს შემოთავაზებული პირობები იყო უსამართლო, არაპრაქტიკული და ეჭვქვეშ აყენებდა ნებისმიერი შესაძლო შეთანხმების სანდოობას“, - დასძინა კანადის პრემიერმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge