
AXIOS: აშშ-მა საუდის არაბეთსა და კატარში ენერგოობიექტების დასაცავად დამატებითი Patriot-ები განალაგა
აშშ-ის სამხედროებმა ბოლო კვირებში საუდის არაბეთსა და კატარში Patriot-ის დამატებით ორი საზენიტო-სარაკეტო ბატარეა განალაგეს, რათა ირანთან ომის შესაძლო განახლების შემთხვევაში, ორივე ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა დაიცვან. ინფორმაციას AXIOS-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე და რეგიონში მოქმედ ერთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონს სურდა საუდის არაბეთი და კატარი დაერწმუნებინა, რომ აშშ მათი სტრატეგიული ენერგოობიექტების დაცვას უზრუნველყოფს, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განახლებას გადაწყვეტს.
ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში ირანის წინააღმდეგ დაბომბვის კამპანიის განახლებას განიხილავს.
„ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღო: ან ირანი ხელს მოაწერს შეთანხმებას, ან ის აღარ იარსებებს“, - განაცხადა ტრამპმა.
როგორც AXIOS-ი აღნიშნავს, აგვისტოს დასაწყისში, როდესაც ტრამპი, ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ჩათვლით, ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელებას განიხილავდა, საუდის არაბეთისა და კატარის ლიდერები მას ოპერაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.
ორივე ქვეყანა სერიოზულად იყო შეშფოთებული, რომ ირანი საპასუხოდ მათ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ობიექტებს დაარტყამდა.
ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, საუდის არაბეთისა და კატარის თხოვნა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, რის გამოც ტრამპმა თავდასხმის განხორციელებაზე უარი თქვა და ამის ნაცვლად ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური წნეხის კამპანიის გაძლიერება გადაწყვიტა.
გასულ თვეში აშშ-ის სამხედროებმა საუდის არაბეთში Patriot-ის ერთი დამატებითი ბატარეა განლაგეს, რათა მნიშვნელოვანი ნავთობობიექტი დაეცვათ. კიდევ ერთი ბატარეა კატარში გაიგზავნა ბუნებრივი აირის ობიექტის დასაცავად, - იუწყება გამოცემა.
თუ ირანთან ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები განახლდება, აშშ-ს საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა დასჭირდება. თუმცა, AXIOS-ის წყაროების შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საუდის არაბეთმა ასეთი ნებართვა გასცეს, თუ დაინახავს, რომ მისი ნავთობის ინფრასტრუქტურა სათანადოდ დაცული არ იქნება.
იმედი
წყარო: imedinews.ge