
ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა
ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.
არიან დაშავებულები. ლატვიაში კლინიკებს სამედიცინო დახმარებისთვის 14-მა ადამიანმა მიმართა, ექიმები სერიოზული დაზიანებების შესახებ იუწყებოდნენ. ადამიანები ძირითადად ხეებისა და ტოტების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდნენ. ზოგიერთი მათგანი მანქანებში აღმოჩნდა ჩაკეტილი. რიგის აეროპორტმა მოსახლეობა მოსალოდნელი რეისების დაგვიანების შესახებ გააფრთხილა.
შტორმმა ელექტრომომარაგების შეფერხებები გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლატვიაში ელექტროენერგიის გარეშე 250 ათასზე მეტი ოჯახი დარჩა, ლიეტუვაში - 150 ათასზე მეტი, ხოლო ესტონეთში - თითქმის 3,5 ათასი. პოლონეთში შუქი 145 ათასზე მეტ ოჯახს არ მიეწოდებოდა, ბელარუსში კი შეფერხებები 650-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა. გარდა ამისა, ლატვიაში მობილური ოპერატორების ბევრ მომხმარებელს კავშირის პრობლემა შეექმნა.
ძლიერმა წვიმამ რამდენიმე რეგიონში წყალდიდობებიც გამოიწვია, რამაც შეფერხებები შექმნა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლაში. 23 აგვისტოს დღისით რეგიონში საშუალო სიძლიერის ქარის შესახებ გაფრთხილება კვლავ ნარჩუნდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge