
BBC: ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან, ხოლო ტყის ხანძარი უკვე ბორდოს უახლოვდება
ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, იუწყება BBC.
ესპანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი სიცხე, სულ მცირე, კვირის ბოლომდე გაგრძელდება. უწყება „უკიდურესად მაღალ“ ხანძრის საფრთხეზე აფრთხილებს მოსახლეობას, მაშინ როცა მეხანძრეები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძრებს კვლავ ებრძვიან.
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ჟირონდისა და ლანდის დეპარტამენტებში სიცხის ტალღის გამო „ყვითელი“ დონის განგაში გამოცხადდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა პიკს ოთხშაბათს მიაღწევს, რაც ჟირონდში მიმდინარე „ძალიან არაპროგნოზირებადი“ ხანძრების ლოკალიზებას კიდევ უფრო გაართულებს.
საფრანგეთის ქალაქ ბორდოს მერმა ტომა კაზენავმა განაცხადა, რომ ქალაქი „ყველა შესაძლო სცენარისთვის“ ემზადება, რადგან ერთ-ერთი აქტიური კერა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ამ ქალაქიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.
„თუ დამატებითი ევაკუაცია გამოცხადდება, დიდი რაოდენობით ადამიანების მიღებისთვის ვემზადებით“, - განაცხადა მან.
საფრანგეთში ხანძრების გამო უკვე დაახლოებით 220 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ესპანეთში - 100 ათასზე მეტის. ამავდროულად, მადრიდის დასავლეთით ხანძრები კვლავ უკონტროლოდ ვრცელდება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც ჟირონდის რეგიონში დაზარალებულ ტერიტორიებს ესტუმრა, განაცხადა, რომ ქვეყანა „სრულიად უპრეცედენტო ტყის ხანძარს“ ებრძვის, რომელიც „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმეა“.
მისი თქმით, ლანდის რეგიონში გაჩენილი შედარებით მცირე ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მეზობელ ჟირონდში ბრძოლა კვლავ გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს მეხანძრეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, მაკრონმა აღნიშნა, რომ ტემპერატურა კვლავ მოიმატებს, ქარი კი არ ჩადგება.
