
ბელგიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
მეხანძრეები ბელგიის უდიდეს ნაკრძალში მოდებულ ტყის ხანძარს ებრძვიან, რომელიც ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმეს ხანძრადაა შეფასებული.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორი მიმდებარე სოფლის მოსახლეობას ევაკუაციის ბრძანება მისცა, რადგან ცეცხლი „ჰაი ფენსის“ ნაკრძალის მესამედს მოედო. ოფიციალური პირები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ხანძარმა, რომელიც პარასკევის შემდეგ მძვინვარებს, შესაძლოა საცხოვრებელ სახლებამდეც მიაღწიოს.
ბელგიის აღმოსავლეთით, გერმანიის საზღვართან მდებარე პარკში მომუშავე მეხანძრეების დასახმარებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სახანძრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაიგზავნა. ბელგიის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შაბათს ნაშუადღევის მონაცემებით, ცეცხლის გაკონტროლება ჯერ კიდევ ვერ ხერხდებოდა.
ვალონიის რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელმა, ნიკოლა იერნომ აღნიშნა, რომ ეს ხანძარი ქვეყნის „უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია“.
„არსებობს რისკი, რომ ცეცხლმა საცხოვრებელ სახლებს მიაღწიოს, თუმცა მათ დასაცავად ყველა არსებულ რესურსს ვიყენებთ“, - განაცხადა მან.
ხელისუფლების განცხადებით, სამუშაოებს ხელს უშლიდა როგორც ამინდის პირობები, ასევე პარკის რელიეფი, რომელიც ჭაობიანი ტერიტორიებისგან, ტორფნარებისა და ტყეებისგან შედგება.
იმედი
წყარო: imedinews.ge