
Bloomberg: ევროპას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება უკვე მომდევნო თვიდან სურს
ევროპელი ლიდერები მომდევნო კვირაში საფრანგეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დარწმუნებას შეეცდებიან, რათა მან მხარი დაუჭიროს რუსეთსა და უკრაინას შორის ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივას. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც წყაროები სააგენტოს უყვებიან, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია მიიჩნევენ, რომ ომში ინიციატივა უკრაინის მხარეს გადავიდა, რაც მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობას ქმნის. მათი შეფასებით, ახალი ფორმატი გასცდება იმ პირობებს, რომლებიც ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გასულ წელს ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა.
ე.წ. E3-ის ქვეყნების ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას არსებული ფრონტის ხაზის გათვალისწინებით, როგორც „მოლაპარაკებების საწყის წერტილს“. ასევე, ისინი უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს ითხოვენ, მათ შორის მრავალეროვნული სამხედრო ძალის განთავსებას. აღნიშნული წინადადებები ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ განცხადებაში წარმოადგინეს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები ტრამპის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ, რათა რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს და ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს. წყაროების ინფორმაციით, ევროპის, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, შესაძლოა, უკვე მომდევნო თვეს გაიმართოს.
