
ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „საბჭოთა ჯაშუშის შვილიშვილი საფრანგეთის საპრეზიდენტო რბოლაში ებმება“
საბჭოთა ჯაშუშის შვილიშვილმა წამოაყენა თავისი კანდიდატურა, რათა ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე შეცვალოს - რაფაელ გლუკსმანს იმედი აქვს, რომ კონკურენციას გაუწევს რადიკალ მემარცხენე ლიდერს, ჟან-ლიუკ მელანშონს, და ელისეს სასახლისთვის ბრძოლაში მემარცხენე ძალების ძირითადი კანდიდატი გახდება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „საბჭოთა ჯაშუშის შვილიშვილი საფრანგეთის საპრეზიდენტო რბოლაში ებმება“.
პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი პირველი ტურის გამოკითხვებში სტაბილურად ლიდერობს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, პოლიტიკური ცენტრისა და მემარცხენე ფრთის სავარაუდო კონკურენტებს მეორე ტურში მისი დამარცხება ძალზედ გაუჭირდებათ.
„დიახ, მე ვარ საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი“, - განუცხადა გლუკსმანმა ფრანგულ ტელეარხ TF1-ს. „ნუთუ ჩვენს ქვეყანას ულტრამემარჯვენეებს გადავცემთ? ასეთი არჩევანის წინაშე მდგარს, გვერდზე დგომა არ შემეძლო“.
გლუკსმანი, ევროპარლამენტის დეპუტატი, რომელმაც 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მემარცხენე ცენტრისტულ ალიანსს უხელმძღვანელა და ხმების 14 პროცენტი მოუპოვა, პარიზული ელიტის მდიდარი და გავლენიანი წარმომადგენელია.
ბაბუამისი, რუბინ გლუკსმანი 1920-იან წლებში პალესტინაში გადასახლდა, რის შემდეგაც კომუნისტი გახდა და „კომინტერნმა“ - მთელ მსოფლიოში ბოლშევიზმის გავრცელების მიზნით შექმნილმა ორგანიზაციამ - გადაიბირა.
ის საბჭოთა ჯაშუშად მუშაობდა საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც თავს ბიზნესმენად ასაღებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მაკრონის ბიზნესზე ორიენტირებულ პოლიტიკას აკრიტიკებს, გლუკსმანი მის მსგავსად პროევროპულ და პროუკრაინულ კურსს ემხრობა და საკუთარ თავს ლიბერალური დემოკრატიის შეუპოვარ დამცველად წარმოაჩენს.
იმედი
წყარო: imedinews.ge