
ჭოუ ციენი: ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არასდროს მოუთხოვია საქართველოსგან არჩევანის გაკეთება ჩინეთსა და ევროპას ან ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის
ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არასდროს მოუთხოვია საქართველოსგან არჩევანის გაკეთება ჩინეთსა და ევროპას ან ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ელჩმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპებია ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა.
„ურთიერთპატივისცემა და ურთიერთნდობა გულისხმობს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ერთმანეთის სოციალური სისტემების, განვითარების მოდელების და სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების პატივისცემას.
ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ჩინეთი და საქართველო პრაქტიკულ შედეგებზე არიან ორიენტირებულნი და მათ შორის თანამშრომლობის მიზნად ერთმანეთის განვითარებას, აღორძინებას და ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობის გაუმჯობესებას მიიჩნევენ.
ჩინეთიც და საქართველოც უძველესი ცივილიზაციებია ხანგრძლივი ისტორიით. ზოგიერთ დასავლურ ქვეყანასთან შედარებით, ორივე ერს უკეთ ესმის ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობა. როგორც შოთა რუსთაველმა თქვა, „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. ამჟამად, საქართველო ცდილობს გახდეს ევრაზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ჰაბი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება აუცილებელია მისი მომავალი განვითარებისთვის, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება სრულად შეესაბამება საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს. მაგალითად, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან. ამ უპირატესობის სრულად გამოსაყენებლად და ევრაზიის სავაჭრო გზაზე ჰაბის როლის შესასრულებლად, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს აქტიური მიმოცვლა როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან.

