
ჭოუ ციენი: საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს საქართველომ 128 000 ჩინელი ტურისტი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია
ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირი რეისების დადებითი შედეგები სულ უფრო თვალსაჩინოა. საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს საქართველომ 128 000 ჩინელი ტურისტი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია, - განაცხადა „დღის ქრონიკსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა.
მან საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა, თუ რა იგეგმება სამომავლოდ ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის ან რეგიონებს შორის პირდაპირი კავშირების განვითარების კუთხით.
მისივე თქმით, საქართველო მდიდარი ტურისტული რესურსებით გამოირჩევა, მათ შორის ბრწყინვალე ბუნების პეიზაჟებით, მდიდარი ისტორიითა და კულტურით და თბილი და მეგობრული ხალხით.
„ჩინეთ-საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ზოგიერთ პოპულარულ ევროპულ ტურისტულ მიმართულებასთან შედარებით, ჩინელ ტურისტებს შორის საქართველოს პოპულარობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ისეთ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა კი, როგორიცაა ITB, ამისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. გამოფენის დროს, ჩინურ სოციალურ მედია პლატფორმებზე, როგორიცაა „რედ ნოუთი“ (RedNote) და „ვეიპო“ (Weibo), ვნახე ძალიან ბევრი ჩინელი ინტერნეტმომხმარებლის ფოტო, სადაც ისინი ქართული სამზარეულოთი და ღვინით ტკბებოდნენ და ტრადიციულ ქართულ ცეკვებს უყურებდნენ, შედეგად კიდევ უფრო ბევრმა ინტერნეტმომხმარებელმა გამოთქვა სურვილი, რაც შეიძლება მალე გაეცნონ ამ ულამაზეს ქვეყანას.
ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გამოფენებზე მოწვევის გარდა, ჩინეთი ასევე იწვევს ქართველ პერსონალს ტურიზმის პოპულარიზაციასა და სხვა შესაბამის სფეროებთან დაკავშირებულ ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად.
გასულ წელს ჩინეთის მოქალაქეებმა 130 მილიონზე მეტი ქვეყნის გარეთ მოგზაურობა განახორციელეს. ჩინეთის მე-15 ხუთწლიანი გეგმის სრული ამოქმედებით, ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან გამავალ ტურიზმზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.
ჩვენ მზად ვართ, წავახალისოთ ორივე ქვეყნის ტურისტული სააგენტოები და ტურიზმის სპეციალისტები, გააძლიერონ გაცვლები და თანამშრომლობა, გამოუშვან მეტი მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტი და კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადონ საქართველოს, როგორც „ღმერთის უკანა ბაღის“, რეპუტაცია ჩინეთში“, - განაცხადა ელჩმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge