
CNN: ირანის უზენაესი ლიდერი მამის მკვლელობისთვის „შურისძიებას“ ჰპირდება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ მისი მამის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობას „შურისძიება“ უნდა მოჰყვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„შურისძიება ჩვენი ერის მოთხოვნაა და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
გპირდებით, რომ შურს ვიძიებთ თქვენი წმინდა სისხლისა და ამ ორი ომის ყველა მოწამის სისხლისთვის იმ დამნაშავე და შერცხვენილი მკვლელების წინააღმდეგ“, - ნათქვამია მოჯთაბა ხამენეის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ამ დამნაშავეებმა, რომელთა ვინაობაც უმაღლესი დონიდან დაწყებული სრულად არის ცნობილი და დოკუმენტირებული, საფლავში თან უნდა წაიღონ მშვიდობიანად, სიბერეში და საკუთარ საწოლში სიკვდილის სურვილი“.
„მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს საკითხი არ არის დამოკიდებული ჩემს არსებობაზე ან სხვა ოფიციალური პირების არსებობაზე“, - აღნიშნავს მოჯთაბა ხამენეი.
მოჯთაბა ხამენეის განცხადებით, დაპირებული შურისძიება „მალე“ განხორციელდება - „იქნება ეს ჩვენ იქ ყოფნისას თუ ჩვენს გარეშე“.
CNN-ის ცნობით, აღნიშნული მუქარა რამდენიმე საათში გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს „სრულად გაანადგურებს“, თუ თეირანი მის მკვლელობას შეეცდება.
ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ტრამპის ადმინისტრაციას შეატყობინეს აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმის მუქარის შესახებ. ისრაელის ერთ-ერთი წყაროსა და აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ეს მუქარები ირანის რადიკალური ხელმძღვანელობის ზოგიერთი ჯგუფის განზრახვებს ასახავს.
თუმცა, აშშ-ის დაზვერვის შეფასებებზე ინფორმირებული ორი წყაროს თქმით, ბოლო პერიოდში მიღებული მონაცემები არ მიუთითებს ირანის მხრიდან ტრამპის მკვლელობის კონკრეტული ახალი გეგმის არსებობაზე. მათი განცხადებით, საუბარია უფრო ზოგად და მუდმივ ინფორმაციაზე ირანის სხვადასხვა ჯგუფის სურვილის შესახებ, განახორციელონ მსგავსი თავდასხმა.
ახალი უზენაესი ლიდერი მისი დანიშვნის შემდეგ ჯერ საჯაროდ არ გამოჩენილა.
ვარაუდობენ, რომ ის თებერვალში ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი თავდასხმის დროს დაიჭრა, რომლის შედეგადაც მისი მამა, დედა და მეუღლე დაიღუპნენ. ომის დაწყების შემდეგ მოჯთაბა ხამენეი მიმალვაში იმყოფება და მხარდამჭერებს მხოლოდ წერილობითი განცხადებებით მიმართავს - მას არც სახე უჩვენებია და არც საკუთარი ხმა გაუვრცელებია.
შაბათის განცხადება ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან გზავნილებს შორის, რომლებიც ხამენეის უზენაეს ლიდერად დანიშვნის შემდეგ გავრცელდა, წერს CNN-ი.
იმედი
წყარო: imedinews.ge