
დავით მათიკაშვილი: 2012 წლის 1 ოქტომბერი გახლავთ ეპოქალური და გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა საქართველოს ისტორიაში
2012 წლის 1 ოქტომბერი გახლავთ ეპოქალური და გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა 14 წლის წინ ჩატარებულ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს გარდაუვალი კრახი ელოდა.
„სააკაშვილის მმართველობის პირობებში საზოგადოებას კარგად ახსოვს ის უმძიმესი რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით ამ სადისტური მმართველობის პირობებში, როდესაც გარე ძალების დავალებით მოქმედი სააკაშვილის ტირანული რეჟიმი პრაქტიკულად ანადგურებდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს იმ ღირებულებებს, რაზეც ეს ქვეყანა დგას. პირდაპირ ხოცავდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში, აუპატიურებდნენ პატიმრებს პენიტენციურ დაწესებულებაში, ქონებას ართმევდნენ ბიზნესს, ტერიტორიებს აბარებდნენ ოკუპანტს და რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მისი შექმნილი „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხის უდიდესი მობილიზება, ეს კრახი იყო აუცილებელი და გარდაუვალი შედეგი ამ ყველაფრის.
2012 წლის პირველ ოქტომბერს რევოლუციურმა არჩევნებმა რადიკალურად შეცვალა მდგომარეობა საქართველოში. ქვეყანა დაადგა აღმშენებლობის გზას, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში დღემდე, რამაც განაპირობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, მისი გაძლიერება რეგიონული პოლიტიკის მასშტაბით და ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს გაუჩნდა, არის სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და რა თქმა უნდა მისი უდიდებულესობის, ქართველი ხალხის დამსახურება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამომრჩეველთა ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა.
იმედი
წყარო: imedinews.ge