
დავით მათიკაშვილი: ბელგიაში შეხვედრები გვქონდა ორივე პალატის თავმჯდომარეებთან, ლუქსემბურგში შევხვდით დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს. ყველა შეხვედრა იყო პოზიტიური - ჩვენ ჩვენი სათქმელი ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით პირდაპირ ვუთხარით და გავაგებინეთ ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიზიტები „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა შეხვედრა პოზიტიურად წარიმართა და ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იყო.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დელეგაციასთან ერთად, ჰქონდა ძალიან პოზიტიური ვიზიტი როგორც ბელგიის სამეფოში, ასევე ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში. ბელგიაში შეხვედრები გვქონდა ორივე პალატის თავმჯდომარეებთან და ლუქსემბურგში დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან. ყველა შეხვედრა იყო პოზიტიური.
ყველა შეხვედრაზე ითქვა დიალოგის აუცილებლობის შესახებ. ყველა ის არგუმენტი, რომელიც მათ მოისმინეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ადეკვატურად მიიღეს. ხშირ შემთხვევაში ვაწყდებოდით სიტუაციას, რომ ან არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ან ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდათ.
მათ პირველწყაროდან მიიღეს ისეთი ინფორმაცია, რომელზეც გიგაური არ ელაპარაკებათ. ამიტომაც იყო მათი მხრიდანაც პოზიტიური, შემხვედრი და ადეკვატური ნაბიჯები. ჩვენ ჩვენი სათქმელი ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით პირდაპირ ვუთხარით და გავაგებინეთ ჩვენს კოლეგებსა და პარტიორებს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge