
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს
ჩვენ თუ მოწვევას ვუწოდებთ იმას, რომ რაიმე თარიღია შერჩეული და კონკრეტულად სამზადისია ამისთვის დაწყებული, ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ ზოგადად, როდესაც ნებისმიერი ეკლესია ჩამოდის ან როდესაც ჩვენ ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს, თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა, - ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტის კითხვას, რუსეთის საპატრიარქოდან მიიღო თუ არა მიწვევა საქართველოს პატრიარქმა და მიწვევისა და დაპატიჟების შემთხვევაში პატრიარქი გაემგზავრება თუ არა მოსკოვში.
კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის საპატრიარქო ესტუმრა, დადგება თუ არა საკითხი, რომ საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში, ანდრია ჯაღმაიძე ასე პასუხობს:
„არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს ამის შესახებ კონკრეტული არაფერია. ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს. ასე რომ, თქვენი შეკითხვა სწორედ აქედან გამომდინარეობს.
რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ეს ურთიერთობა გაგრძელდება, ფაქტია ეს, შესაძლებლად კი არ მიმაჩნია, ფაქტი არის.
გასაგებია, ბევრი რამ ხდება სხვადასხვა ეკლესიაში, რაც მიუღებელი შეიძლება იყოს და ჩვენ ეს არ გავიმეოროთ, არ მივესალმოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევწყვიტოთ ურთიერთობები“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge