
Die Welt: ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფო, მათ შორის გერმანია, ავსტრია და იტალია, ევროკომისიას მოუწოდებს, ახალი რეგულაციების მიღება დროებით შეაჩეროს და ყურადღება არსებული კანონების გამარტივებაზე გადაიტანოს
ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფო, მათ შორის გერმანია, ავსტრია და იტალია, ევროკომისიას მოუწოდებს, ახალი რეგულაციების მიღება დროებით შეაჩეროს და ყურადღება არსებული კანონების გამარტივებაზე გადაიტანოს. გამოცემა Die Welt-ის ცნობით, ოფიციალურ წერილში ქვეყნები გამოდიან ინიციატივით, გამოცხადდეს „განხორციელებისა და კონსოლიდაციის წელი“ - ერთგვარი საკანონმდებლო პაუზა, რათა ევროპულ ბიზნესს ბიუროკრატიული ტვირთი შეუმსუბუქდეს.
დოკუმენტის ავტორთა განცხადებით, გეოპოლიტიკური დაძაბულობის, ენერგომატარებლების მაღალი ფასებისა და გლობალური კონკურენციის ფონზე, ევროპის მიმზიდველობა საფრთხის ქვეშაა. ბრიუსელისგან ითხოვენ ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მეწარმეობას შეუწყობს ხელს და არ დაამძიმებს მას.
Die Welt-ი აღნიშნავს, რომ ბიუროკრატიის შემცირების მოთხოვნა ახალი არ არის, თუმცა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თითქმის ნახევარმა ამ პოზიციას ერთობლივ, 5-გვერდიან დოკუმენტში მოაწერა ხელი, საკმაოდ მნიშვნელოვანი სიგნალია.
ორი კვირის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წლიურ მოხსენებაში ბიუროკრატიის თემას მინიმალური დრო დაუთმო და პასუხისმგებლობა წევრ ქვეყნებს დააკისრა - მოუწოდა, შეწყვიტონ ევროპული ნორმების შიდა კანონმდებლობაში გადატანისას დამატებითი ბარიერების შექმნა. 13 ქვეყნის ერთობლივი წერილი, ფაქტობრივად, ფონ დერ ლაიენის კრიტიკის საპასუხო ნაბიჯია.
მთავრობები ხაზს უსვამენ, რომ ბიუროკრატიის შემცირება არა მხოლოდ ეკონომიკური მიზანი, არამედ სამართლებრივი ვალდებულებაცაა. ისინი ბრიუსელელ ჩინოვნიკებს გადაწყვეტილებების შედეგების უფრო მკაცრ შეფასებას სთხოვენ.
გასულ წელს ევროკომისიამ 120-ზე მეტი დირექტივა და 1000-ზე მეტი ტექნიკური აქტი ისე მიიღო, რომ სავარაუდო შედეგები მხოლოდ 25 შემთხვევაში შეაფასა. ეს ნიშნავს, რომ კანონები ხშირად ხარჯებისა და სარგებლის გაანგარიშების გარეშე იწერება, რაც 30 მილიონ ევროპულ კომპანიასა და 450 მილიონ მოქალაქეზე აისახება.
ამის გამო, 13 ქვეყნის მთავრობა ევროკავშირის მთელი სამართლებრივი ბაზის გადახედვასა და „გენერალურ დასუფთავებას“ ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ევროკომისიამ შემსუბუქების რამდენიმე პაკეტი წამოიწყო, ევროპულ ბიზნესს მათი ეფექტი ჯერ არ უგრძნია.
იმედი
წყარო: imedinews.ge