
ენერგეტიკის განვითარების ფონდის პროექტების მართვის დირექტორი: დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში, რთული რელიეფისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო ცენტრალიზებული ელექტროქსელის მიღმა დარჩენილ ოჯახებს მზის სისტემები დაუმონტაჟდათ
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტს, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის პროექტების მართვის დირექტორმა თამაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, პროექტის ფარგლებში, რთული რელიეფისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო ცენტრალიზებული ელექტროქსელის მიღმა დარჩენილ ოჯახებს მზის სისტემები დაუმონტაჟდათ.
თამაზ ახვლედიანის განმარტებით, პროექტი მზის პანელებისა და დამაგროვებელი ბატარეების მონტაჟს მოიცავს. მისი თქმით, ეს არის საკმაოდ მძლავრი სისტემები, რომლებიც აღნიშნული ოჯახების მოთხოვნილებებს სრულად აკმაყოფილებს.
„ამ ეტაპზე პროექტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელდა, სადაც დუშეთის მუნიციპალიტეტის 58 კომლში მზის სისტემები დამონტაჟდა. სამომავლოდაც, მსგავსი საჭიროების მქონე ოჯახების გამოვლენისა და მუნიციპალიტეტების მხრიდან მომართვის შემთხვევაში, აღნიშნული პროექტი გაგრძელდება. მინდა მადლობა გადავუხადო ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ ამ პროექტის განხორციელებაში და ჩვენს კონტრაქტორებს მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი“, - განაცხადა ენერგეტიკის განვითარების ფონდის პროექტების მართვის დირექტორმა.
თამაზ ახვლედიანის თქმით, სამუშაოები ამჟამად დასკვნით ეტაპზეა. 58 კომლიდან 50-ში მზის სისტემები უკვე სრულად არის დამონტაჟებული და ჩართული, ხოლო დარჩენილ 8 კომლში მონტაჟი დაახლოებით 1 კვირიდან 10 დღის ვადაში დასრულდება, რის შემდეგაც პროექტი სრულად ჩაბარდება.
პროექტის ფარგლებში მზის მიკროსადგურები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში მონტაჟდება, რაც მათთვის ელექტროენერგიის დამოუკიდებელ წყაროს წარმოადგენს.
იმედი
წყარო: imedinews.ge