მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის
Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის გაწევრიანების პროცესის მართვის რესურსი სულ უფრო ნაკლებად ჰყოფნის, მაშინ როდესაც გაფართოების ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ინფორმაციას Euronews-ი ევროკომისიაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალური დირექტორატი (DG ENEST) მზარდი დატვირთვის წინაშე დგას.

პარადოქსია, მაგრამ ეს პრობლემა სწორედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის გააქტიურებამ გამოიწვია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაწევრიანების მოლაპარაკებებში უფრო მეტი მოლაპარაკების თავი დაიხურა, ვიდრე გასული ათი წლის განმავლობაში, წერს Euronews-ი.

ამ ეტაპზე გაფართოების პროცესში ყველაზე წინ მონტენეგროა. ქვეყნის გაწევრიანების ხელშეკრულების ტექსტი უკვე მზადდება და პოდგორიცა ევროკავშირის 28-ე წევრი სახელმწიფოს სტატუსის მიღებას 2028 წლისთვის გეგმავს. მას თითქმის ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევს ალბანეთი, რომელიც საკუთარი გაწევრიანების ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებას მომავალი წლის დასაწყისში ელოდება.

Euronews-ის ცნობით, მონტენეგროსთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნამ ევროკომისიას მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსის გადანაწილება აიძულა. კერძოდ, თანამშრომლები გადაიყვანეს დასავლეთ ბალკანეთის იმ ქვეყნების მიმართულებიდან, რომლებმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ აჩვენეს.

„მასშტაბური სამუშაოს ტემპს მხოლოდ კანდიდატი ქვეყნები არ ჩამორჩებიან. ევროკომისიამ ბოლო გაფართოების ტალღის შემდეგ დაგროვილი ინსტიტუციური გამოცდილებისა და შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა“, - განუცხადა Euronews-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ DG ENEST ევროკომისიის მრავალი სხვა დეპარტამენტის მსგავსად, ძირითადად, დროებითი კონტრაქტებით დასაქმებულ თანამშრომლებს ეყრდნობა. ამის გამო კადრების ხშირი ცვლა ხდება, ხოლო გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების პრაქტიკული გამოცდილება შეზღუდულია, რადგან ევროკავშირში ბოლოს ქვეყანა, ხორვატია, 2013 წელს გაწევრიანდა.

ამასთან, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი მოულოდნელად კვლავ გააქტიურდა ისლანდიაშიც. ქვეყანამ 29 აგვისტოს რეფერენდუმი დანიშნა, სადაც გადაწყდება, განაახლებს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. თუ რეიკიავიკი ამ გზას აირჩევს, ევროკომისიას კიდევ ერთი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა და დამატებითი რესურსების მობილიზება მოუწევს.

დამატებითი დატვირთვის წყაროდ რჩებიან უკრაინა და მოლდოვაც, რომლებმაც ბოლო კვირებში მოლაპარაკებების ორი თავი გახსნეს. პოლიტიკური მიზანია, წლის ბოლომდე დარჩენილი ოთხივე მოლაპარაკებების კლასტერი გაიხსნას, თუმცა უნგრეთი შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო უფრო ეტაპობრივ მიდგომას ემხრობა.

გაფართოების მოქმედი მეთოდოლოგიის პირობებში არცერთ ქვეყანას ერთდროულად ყველა მოლაპარაკების კლასტერი არასოდეს გაუხსნია. ალბანეთმა პროცესი განსაკუთრებული სისწრაფით წარმართა, თუმცა მასაც ერთ წელზე მეტი დასჭირდა ყველა კლასტერის ოფიციალურად გასახსნელად, წერს Euronews-ი.

Euronews-ის შეფასებით, გაფართოების პროცესის მართვის გამოწვევები მხოლოდ ევროკომისიას არ ეხება. ევროკავშირის საბჭო და წევრი სახელმწიფოებიც ცდილობენ საკუთარი ადმინისტრაციული შესაძლებლობები გააძლიერონ.

ევროკავშირმა გაფართოება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია, თუმცა უახლოეს თვეებში ბრიუსელს იმის დამტკიცება მოუწევს, რომ პოლიტიკური ამბიციების შესაბამისი ადამიანური და ინსტიტუციური რესურსებიც გააჩნია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით

იმედი