
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
სამართალდარღვევები ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლების, სამწვერისისა და თაგვერის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირდა. მოქალაქეები თევზჭერას საბურავებისგან დამზადებული თევზმახეების, ე.წ. ოჩხების გამოყენებით ახორციელებდნენ.
სამართალდარღვევების აღკვეთის შედეგად, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯამში 9 ერთეული ე.წ. ოჩხი ამოიღეს.
საბურავებისგან დამზადებული თევზმახეების გამოყენება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და წყლის ეკოსისტემას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს დიდი რაოდენობით თევზის უკანონო მოპოვებას და ზრდის სხვადასხვა სახეობისა და ზომის თევზის არასელექციური მოპოვების რისკს. შედეგად, ზიანდება ბუნებრივი პოპულაციები და მათი გამრავლების შესაძლებლობები. ამასთან, მდინარის კალაპოტში დატოვებული საბურავები დამატებით ნარჩენსა და დაბინძურების წყაროს წარმოადგენს.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ უწყვეტ პატრულირებას, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. დეპარტამენტი ასევე მყისიერად რეაგირებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. გამკაცრებული კონტროლის პარალელურად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიებიც.
2026 წლის 8 თვის მონაცემებით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 სამართალდარღვევა შიდა ქართლში დაფიქსირდა.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge