
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ 100 წლის ვეტერანს დაბადების დღე მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ორესტი ბერულავას, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შინ ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა.
გიორგი ჯინჭარაძემ ვეტერანს ჯანმრთელობა, მხნეობა, კიდევ მრავალი წელი უსურვა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საჩუქარი გადასცა.
„ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი ადამიანების დამსახურება უდიდესია. ამიტომ მათზე ზრუნვა და ყურადღების გამოჩენა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა. ჩვენ მუდმივად უნდა ვაგრძნობინოთ ამ ადამიანებს, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ყურადღებისა და ზრუნვის ცენტრში არიან და რომ მათ გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
თავის მხრივ, ორესტი ბერულავამ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს სტუმრობისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო მუდმივი შრომა და აფხაზეთში დაბრუნების ოცნებაა.
„მადლობას გიხდით ჩემი დაფასებისთვის. თქვენ რამდენიმე თვის წინ დამპირდით, რომ ჩემს 100 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავდით და ეს პირობა შეასრულეთ. მე მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს - ჩემს დიდ ოჯახთან ერთად აფხაზეთში დაბრუნება. მჯერა, ეს დღე აუცილებლად დადგება“, - აღნიშნა ორესტი ბერულავამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge