
გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: დღეს ისინი ხვდებიან, რომ თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირების თაობაზე იყო ძალიან დიდი შეცდომა. ცდილობენ, რომ აქციების მოწყობით და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაძაბულობის შემოტანით იარსებონ და ესეც არანაირ შედეგს არ აძლევთ
რეალურად, ეს დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ დღეს ისინი ხვდებიან ან მათი ერთი ნაწილი მაინც, რომ თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირების თაობაზე იყო ძალიან დიდი შეცდომა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მოჰყვა.
მისი თქმით, რადიკალების დიდმა ნაწილმა კარგად გააცნობიერა თუ რა შეცდომები დაუშვა მანდატებზე უარის თქმით და ახლა გამოსავალას ვერ პოულობს.
„თუკი შეიძლება პოლიტიკურმა ძალამ მარგინალიზაცია განიცადოს, აი, ასეთ მდგომარეობაში არიან ისინი. მათ არ ისარგებლეს თავის დროზე საპარლამენტო ტრიბუნით. ცდილობენ, რომ აქციების მოწყობით და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული დაძაბულობის შემოტანით იარსებონ და ესეც არანაირ შედეგს არ აძლევთ. გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ 26 მაისის აქცია. ამ აქციისთვის ერთი თვე ემზადებოდნენ და მოლოდინებს ქმნიდნენ ამ აქციასთან დაკავშირებით, მაგრამ შედეგი მივიღეთ რა?! ასეთი აქციები ადრეც დაუანონსებიათ. თვეები ემზადებოდნენ ხოლმე ასეთი აქციებისთვის. ცდილობდნენ, რომ რეგიონებიდან თავი მოეყარათ აქტივისთვის და შედეგად იღებდნენ იმას, რომ სულ ერთი და იგივე რაოდენობა მათი აქტიური აქტივისტები მოვლენ, შეიკრიბებიან და შემდეგ დაიშლებიან. მოლოდინები, რასაც უქმნიან ხოლმე ასეთი აქციების დროს თავის აქტივისტებს, შემდეგ იმედგაცრუებაში გადადის ხოლმე.
ეს არის ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება. დღეს ძალიან კარგად ათვითცნობიერებენ იმას თუ რა მძიმე მდგომარეობაში აირიან ისინი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, 25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ განცხადება გაავრცელა, რომელიც აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მკაფიოდ უჭერს მხარს ქართული ოპოზიციის სრულ ჩართულობას დემოკრატიულ ინსტიტუტებში და არ ემხრობა ბოიკოტს ან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას.
იმედი
წყარო: imedinews.ge