
გივი მიქანაძე: საქართველო უერთდება მსოფლიოს იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სწავლის ყველა საფეხური უფასოა
„მმართველი გუნდის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. შედეგად, საქართველო უერთდება მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სწავლის ყველა საფეხური უფასოა - საბავშვო ბაღები, სკოლები, კოლეჯები. ახლა კი უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ხდება უფასო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს თუ აქვს სურვილი, აქვს მიზანი, აქვს მოტივაცია, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ მას ხელს“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, პირველადი მონაცემებით, აბიტურიენტების უმეტესობას არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტზე აქვს გაკეთებული მაშინ, როდესაც 64 უნივერსიტეტიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება.
„79%-ზე მეტმა პირველადი არჩევანი სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთა, ხოლო 20%-ზე მეტი კერძო უნივერსიტეტს ირჩევს. უკვე ამ სტატისტიკით ჩანს ახალგაზრდების დამოკიდებულება ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართ“, - აღნიშნა მან.
მინისტრის თქმითვე, სახელმწიფო უნივერსიტეტები უნდა იყვნენ ორიენტირებულნი მოქალაქეების ინტერესებზე და ემსახურებოდნენ ქართული საზოგადოების საჭიროებებს.
„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეები.
სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შესაბამისად თანხების განკარგვა, უდიდეს წილად, უნდა ხდებოდეს სწორედ მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ახლად მიღებულ კონტინგენტზე უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა რაოდენობა მისაღები კვოტის 5%-ზე მეტი ვერ იქნება.
ჩვენ ვიცავთ იმ სტანდარტებს, რომელიც ბოლონიის პროცესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენი ძირითადი რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური, ყველაფერი პირველ რიგში უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”, - აღნიშნა მინისტრმა.
