
გივი მიქანაძე: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილია შესაბამისად და ყველა ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის პირობებს გამოცდების ჩასატარებლად
შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ ჩაიარა აბსოლუტურად იმ სტანდარტით, რომელიც საზოგადოების მოლოდინთან არის დაკავშირებული - როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ყველა იმ სერვისის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რომელიც უკიდურესად აუცილებელია, რათა გამოცდები ჩატარდეს იმ გარემოში, რაც ცოდნის რეალიზების შესაძლებლობას იძლევა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საგამოცდო პროცესის შეფასებისას.
მისივე თქმით, დღეს იგი იმყოფებოდა თბილისის 160-ე საჯარო სკოლაში, სადაც საგამოცდო პროცესი დაათვალიერა. ამასთან, მინისტრი მოგვიანებით რუსთავის საგამოცდო ცენტრსაც ეწვია, სადაც მიქანაძის განმარტებით, ასევე მაქსიმალური პირობებია შექმნილი აბიტურიენტებისთვის.
„გეტყვით, რომ უახლოესი ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში, პირადად მე და ოთხივე ჩემი მოადგილე მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-ვე საგამოცდო ცენტრს ვესტუმრებით და გავეცნობით, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. ზუსტად შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ყველა ცენტრი აღჭურვილია შესაბამისად და ყველა ცენტრი უზრუნველყოფს საერთო უმაღლესი სტანდარტის პირობებს გამოცდების ჩასატარებლად“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია.

