
ჰავაიზე ცნობილი ჰოლეის ზღვის თაღი ჩამოინგრა
ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარე 27-მეტრიანი ჰოლეის ზღვის თაღი წყნარ ოკეანეში ჩამოინგრა. ინფორმაცია პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ლეგენდარული ბუნებრივი თაღი 23 სექტემბერს ჯერ კიდევ ადგილზე იყო, თუმცა 27 სექტემბრის საღამოსთვის უკვე გაუჩინარდა. ჩამოშლის ზუსტი მომენტი აღნუსხული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ტროპიკულ შტორმ „ნოლოს“ დროს მოხდა, რომელსაც ძლიერი ტალღები ახლდა.
ჰავაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა მრავალწლიანი გეოლოგიური პროცესის შედეგად საბოლოოდ ჩამოინგრა. პარკში განაცხადეს, რომ თაღის ორივე მხარეს მდებარე სანაპირო ზოლი არასტაბილურობის ნიშნებს წლების განმავლობაში ავლენდა. კლდეები სერიოზულად დაზიანდა 2018 წელს, ვულკან კილაუეის ამოფრქვევის დროს მომხდარი მიწისძვრების შედეგად. მოგვიანებით ახალი ბზარები და არამდგრადი ქანების უბნები გამოვლინდა, რის გამოც 2020 წელს პარკის ხელმძღვანელობამ გადასახედი მოედანი დახურა, რომელიც უფსკრულის კიდესთან უფრო ახლოს მდებარეობდა.
ჰოლეის თაღი დაახლოებით 550 წლის წინ ლავური ნაკადებისგან წარმოიქმნა. ის, ოკეანის ტალღების ზემოქმედებით, ბზარების გასწვრივ და ნაკლებად მტკიცე მონაკვეთებზე ქანების დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge