
„იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ იმის მიუხედავად, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმართული აქციის შეფასებისას.
მისივე თქმით, 11 მილიარდი ლარის ეკონომიკური სარგებლის მომტანი ისტორიული ინვესტიცია ისევ თავდასხმის სამიზნეა.
„მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსა და საინვესტიციო კომპანიას შორის შეთანხმება შედგა, „იგლ ჰილსის“ პროექტის დისკრედიტაციის მცდელობამ და დეზინფორმაციის კამპანიამ პერმანენტული ხასიათი შეიძინა.
რას ითვალისწინებს შეთანხმება, რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო, რა სარგებელს მიიღებს საზოგადოება და არსებობს თუ არა გრძელვადიანი ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული რისკები? - ყველა კითხვაზე პასუხი საჯაროა, მაგრამ დღის წესრიგი, რომელიც ისტორიული ინვესტიციის დასაზიანებლად კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად შექმნეს, მეტწილად კოორდინირებულია გარე ძალების მიერ და მიზანმიმართულად ხდება ინვესტიციებზე თავდასხმა. გახსოვთ, რომ თავიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დაიწყო „ლელომ“, შემდეგ გააგრძელეს სხვა პარტიებმა, სიცრუის ტირაჟირებაში საკუთარი წვლილი კონკრეტულმა „ენჯეოებმაც“ შეიტანეს.
ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში. დღევანდელი აქციაც იმის დასტურია, რომ საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ იცის ნამდვილი ამბავი ისტორიულ ინვესტიციაზე და ამიტომაც არის ახლა ის რეალობა, რომელსაც კადრში თავად ნახავთ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
ამასთან, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ სპეკულაციების საპირწონედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული ანგარიშიც საკმარისია, სადაც ნათქვამია, თუ რამდენად დიდი ეფექტი ექნება ამ ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე.
„იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი აქციაზე იმყოფებოდა - ლეო სიხარულიძემ აქციის მონაწილეებს პროექტის წინასწარი გაყიდვების სტატისტიკური მონაცემები გააცნო, რომლის მიხედვითაც, გაყიდული 257 ბინიდან 147 საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ნაყიდი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 110 ბინა იყიდეს, მათ შორის მხოლოდ 8 ბინა აქვთ ნაყიდი არაბული ქვეყნების მოქალაქეებს. თუმცა აქციის მონაწილეებმა ეს მონაცემები არ ირწმუნეს და „იმედის კვირის“ კითხვებს აგრესიით უპასუხეს - ლეო სიხარულიძემ „იმედის კვირის“ მაყურებელს აქციის შესახებ უამბო.
იმედი
წყარო: imedinews.ge