
ილია ინჯია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე: მსგავსი ტიპის რეზოლუციები არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტაბილურობას, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილი
მსგავსი ტიპის რეზოლუციები არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტაბილურობას, განსაკუთრებით სამწუხარო და მიუღებელია, რომ აღნიშნული რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილი - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერი ილია ინჯია რეზოლუციას, რომელიც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ინჯია აღნიშნავს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია არის უსამართლო, პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალურ ფაქტებს აცდენილი დოკუმენტი, რომელიც აგებულია ცალმხრივ შეფასებებსა და დეზინფორმაციაზე.
„საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია არის უსამართლო, პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალურ ფაქტებს აცდენილი დოკუმენტი, რომელიც აგებულია ცალმხრივ შეფასებებსა და დეზინფორმაციაზე.
მსგავსი ტიპის რეზოლუციები არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოებაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებას.
განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც საქართველოს მიმართ მსგავსი შინაარსის პოლიტიკური გზავნილები ეფუძნება იმ ნარატივებს, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ქმნის მცდარ წარმოდგენას საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილი, რაც განსაკუთრებით სამწუხარო და მიუღებელია. როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მონაწილეობს პროცესში, რომელიც პირდაპირ აზიანებს საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებს და ხელს უწყობს საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკური გზავნილების გაძლიერებას, ეს ბუნებრივად იწვევს მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს. ქვეყნის ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით საერთაშორისო პლატფორმებზე, თითოეული პოლიტიკური ფიგურის პასუხისმგებლობაა.
