
ინდოელმა პილოტმა ინდოეთის პრემიერს უამბო, როგორ შეძლო თავდასხმის დროს Fly Dubai-ს თვითმფრინავის კაბინის კარის გაღება
ინდოელმა პილოტმა სმიტ მაჩჰარმა, რომელსაც Fly Dubai-ს დუბაი - თელ-ავივის რეისზე მეორე პილოტი დანით დაესხა თავს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ვიდეოზარის დროს მომხდარი გაიხსენა და უამბო, თუ როგორ შეძლო კაბინის კარის გაღება და დახმარების მიღება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სმიტ მაჩჰარი მოდის აბუ-დაბის საავადმყოფოდან ესაუბრა. პრემიერ-მინისტრის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ თითქმის ათწუთიან ვიდეოში პილოტი მომხდარს ემოციურად იხსენებს და ცრემლებს ვერ იკავებს.
„ვიცოდი, რომ თვითმფრინავი ვარდებოდა... იატაკზე დავეცი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, კარი აქვეა, უბრალოდ გააღე-მეთქი. ეს მოვახერხე და ხალხი შემოვიდა“, - განაცხადა მაჩჰარმა.
თვითმფრინავში ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა. მეორე პილოტმა ინდოელ მფრინავს დანით ჭრილობები მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა. ბორტზე 174 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის დროს თვითმფრინავი 30 წამზე ნაკლებ დროში თითქმის 4 267 მეტრით დაეშვა.
„17 წელია, რაც პილოტად ვმუშაობ, ბოლო 11 წელი კი კაპიტანი ვარ. ვიცოდი, რომ თვითმფრინავი ვარდებოდა“, - თქვა მაჩჰარმა.
ნარენდრა მოდიმ პილოტის სიმამაცე შეაქო და აღნიშნა, რომ მისმა სწრაფმა და გონივრულმა მოქმედებამ ადამიანების სიცოცხლე იხსნა და ინდოელი პილოტების რეპუტაციაც დაიცვა.
„ვიცი, რომ ღმერთმა გადამარჩინა“, - განაცხადა ემოციურად მაჩჰარმა, რომელიც მოდის მშობლიური შტატიდან, გუჯარათიდან არის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პრესსპიკერის ინფორმაციით, მაჩჰარი კაბინის კარის გაღების დროს მთლიანად გასისხლიანებული იყო და იატაკზე იწვა.
იმედი
წყარო: imedinews.ge