
ირაკლი კობახიძე: საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს - „დიპ სტეიტისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს
საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, „დიპ სტეიტისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მაგალითია ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებული არჩევნები ან უკრაინაში ამ კუთხით არსებული რთული ვითარება, რადგან ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი, მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად, უპრობლემოდ აღიარებენ.
„რადგან არჩევნებზე ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ ვერევით, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებს ან უკრაინაში ამ კუთხით არსებულ რთულ ვითარებას გადავხედავთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს დაქვემდებარებულ ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი, მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად, ისინი უპრობლემოდ აღიარებენ.
საგულისხმოა, რომ ევროპულ ბიუროკრატიას, საქართველოს მსგავსად, პრობლემები ჰქონდა უნგრეთთან, ვიდრე ქვეყანას ვიქტორ ორბანი მართავდა, აგრეთვე სლოვაკეთთან და სერბეთთან, ანუ ქვეყნებთან, ხელისუფლებებთან და ლიდერებთან, რომლებიც გამოკვეთილად ეროვნულ პოლიტიკას ატარებენ.

