
ირაკლი ქადაგიშვილი სამთავრობო დელეგაციის სინგაპურში ვიზიტზე: ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დროული. თანამშრომლობის კარგი პირობები არსებობს. სინგაპურის გამოცდილება ლოგისტიკის, ფინანსების, ინოვაციების კუთხით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის
ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დროული. თანამშრომლობის კარგი პირობები არსებობს. სინგაპურის გამოცდილება ლოგისტიკის, ფინანსების, ინოვაციების კუთხით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, სინგაპურში პრემიერის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სინგაპურის გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
„აზია თავისი შინაარსით, ეკონომიკური პოტენციალით, მზარდი მოსახლეობით და იმ რესურსებით, რომელიც მას გააჩნია, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი არა მარტო ამ რეგიონში ერთმანეთთან ურთიერთობისა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი აქვს აზიასთან ურთიერთობის კუთხით, რა თქმა უნდა, ევროპის სახელმწიფოებსაც.
დაკავშირებადობის კუთხით საქართველო არის ის ერთადერთი უნიკალური, უკვე ჩამოყალიბებული, გამოცდილებს მქონე, ინფრასტრუქტურის მქონე და ამ მიმართულებით მუდმივად მზარდი სახელმწიფო, რომელსაც სტაბილური პარტნიორობის გაწევის ყველაზე კარგი უნარი გააჩნია. ამავდროულად ამ კუთხით ძალიან საინტერესოა სინგაპური. სინგაპურის მნიშვნელობა იმ კუთხით არის ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო, რომ სინგაპურმა განვითარების ისეთი მოდელი აირჩია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი სახელმწიფოა დაკავშირებადობის კუთხით, ფინანსური ჰაბი და ამავდროულად ტექნოლოგიური ინოვაციების თავმოყრის ადგილი. ამიტომ სინგაპურის გამოცდილება და მასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ლოგისტიკური მიმართულებით, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურის პერსპექტივის კუთხით. სინგაპურის პორტი მსოფლიო მნიშვნელობის პორტია და მათი გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია. დაკავშირებადობის კუთხით სინგაპურის აეროპორტში ვინც ნამყოფია იცის რამხელა მასშტაბია, რამხელა ტვირთბრუნვა და მგზავრთბრუნვა აქვს ამ აეროპორტს. ამიტომ ამ კუთხით გამოცდილებაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მათთან პარტნიორობა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
