
ირაკლი ქადაგიშვილი: ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა - აშშ-სთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას
ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს და აღნიშნულია, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გამო“.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ბილწსიტყვაობა გახდეს ჩვენს საზოგადოებაზე ზემოქმედების, მისი დაშლის, დათრგუნვისა და დემორალიზაციის იარაღი.
„საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ბილწსიტყვაობა გახდეს ჩვენს საზოგადოებაზე ზემოქმედების, მისი დაშლის, დათრგუნვისა და დემორალიზაციის იარაღი. რატომ არის გინება აკრძალული? იმიტომ, რომ როდესაც ერთი ადამიანი მეორეს აგინებს, ეს იწვევს დემორალიზაციას, ბულინგსა და ფსიქოლოგიურ განადგურებას. აქედან გამომდინარე, ბილწსიტყვაობა, გინება და დემორალიზაცია სოციალურ ქსელებში არის ანალოგიური, ოღონდ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის შეტევა ადამიანზე და საზოგადოებაზე. ამიტომ ამ ბილწსიტყვაობას ვერ ექნება გასაქანი.
რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერები, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით ბილწსიტყვაობის წინააღმდეგნი.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას, რადგან ჩვენთან მედიათავისუფლება საკმაოდ განვითარებული და დაცულია. დღევანდელ ამერიკის ვითარებასთან დაკავშირებით შეიძლება ბევრი საინტერესო პარალელიც კი გავავლოთ, რადგან ჩვენ ამერიკასთან სრულიად სხვა, პოზიტიური დღის წესრიგის განვითარება გვსურს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
