
ირაკლი შატაკიშვილი მსჯავრდებულ დავითაძის განცხადების გარშემო მიმდინარე კამპანიაზე: ეს ყველაფერი მიზანმიმართულად არის, რომ რამენაირად საზოგადოებრივი ღელვა, არეულობა გამოიწვიონ და დისონანსი შეიტანონ საზოგადოებაში
ჩვენს სამართლებრივ სახელმწიფოში ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ადამიანის ღირსება დაცული იყოს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადების შემდეგ დაწყებული კამპანიის შეფასებისას.
ის ამ კამპანიას მიზანმიმართულს უწოდებს.
„ეს ყველაფერი მიზანმიმართულად არის, რომ რამენაირად საზოგადოებრივი ღელვა, არეულობა გამოიწვიონ და დისონანსი შეიტანონ საზოგადოებაში. დღეს შეიძლება, ერთი კონკრეტული პატიმრის განცხადებაზეა აგორებული ეს სიცრუის კამპანია და ხვალ შეიძლება, იყოს სხვა სიცრუე. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენს სამართლებრივ სახელმწიფოში ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ადამიანის ღირსება დაცული იყოს”, - განაცხადა დეპუტატმა.
დღეს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, პარტია „დროა“-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „ახალი“-ს, „ლელო“-სა და „დროა“-ს წევრები და აქტივისტები იმყოფებოდნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა. მოგვიანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი ადგილი არ ჰქონია.
იმედი
წყარო: imedinews.ge