
კახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი იმართება. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
კახა კალაძემ ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძეს.
„მივესალმები და მადლობას გადავუხდი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენს ახალგაზრდებს. ასევე, მივესალმები ჩვენს უცხოელ სტუმრებს პროფესორ ჯონ მერშჰაიმერს, პროფესორ ჯეფრი საქსს, ევროპარლამენტარ მიქაელ ფონ დერ შულენბურგს, ევროპარლამენტარ რუთ ფირმენიჩს.
მოხარული ვარ, რომ თბილისი კვლავ მასპინძლობს თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს, რომლის მთავარი თემაა „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“. ეკონომიკური ზრდა, სოციალური თანასწორობა და გარემოს დაცვა ის ფუნდამენტური საკითხებია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თბილისს, კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ინვესტიციების მოზიდვას.
„ყველას კარგად გვესმის, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ სტატისტიკა და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. ეს არის ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, განვითარებული ქალაქები, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილები; ეს არის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვას ეფუძნება.
მოხარული ვარ, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისს, როგორც რეგიონული თანამშრომლობისა და დიალოგის ცენტრს, კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, ინვესტიციების მოზიდვას, ინოვაციური იდეების გაზიარებასა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.
