
ხელოვნურმა ინტელექტმა 217 წლის წინ ნაპოლეონის ბრძანებით დაწერილი დაშიფრული წერილი ექვს საათში გაშიფრა
ხელოვნურმა ინტელექტმა დაახლოებით 217 წლის წინ დაწერილი დაშიფრული წერილი გაშიფრა, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის ბრძანებით მომზადდა და რომლის შინაარსის სრულად აღდგენა მკვლევრებმა აქამდე ვერ შეძლეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
დოკუმენტი უშუალოდ ნაპოლეონის მიერ დაწერილი წერილი არ არის. ის იტალიის ვიცე-მეფის ეჟენ დე ბოარნეს შტაბში მომზადდა და საფრანგეთის გენერალ ოგიუსტ დე მარმონს გადაეცა. წერილი სამხედრო შეტყობინებას შეიცავდა და მისი დაშიფვრა ნაპოლეონის ბრძანებით მოხდა.
კიბერუსაფრთხოების კომპანია SentinelOne-ის ინჟინერმა კარტერ ჩერჩმა განაცხადა, რომ OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელმა GPT-6 Astra-მ 1809 წელს მარმონისთვის გაგზავნილი დაშიფრული წერილის გაშიფვრა დაახლოებით ექვს საათში შეძლო.
ჩერჩის თქმით, ხელოვნურმა ინტელექტმა თავდაპირველად დოკუმენტის ფოტოსურათი ტექსტად გარდაქმნა, შემდეგ კი შიფრის გატეხაზე მუშაობა დაიწყო.
„Astra-მ 1202x1836 პიქსელის გამოსახულება სტრიქონებად დაყო, ნიშნები წაიკითხა, დაადგინა, ხელით დახატული 175 ნიშნიდან რომელი წარმოადგენდა ერთსა და იმავე სიმბოლოს სხვადასხვა ფორმით დაწერილს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო შიფრის გატეხა“, - დაწერა ჩერჩიმ.
დოკუმენტის შინაარსის აღდგენას სხვადასხვა მკვლევარი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა, თუმცა წერილის სრული გაშიფვრის შედეგები აქამდე არ გამოქვეყნებულა, იუწყება ტელეარხი.
ჩერჩის განცხადებით, ხელოვნურმა ინტელექტმა სამუშაოს მთელი პროცესი დამოუკიდებლად შეასრულა, გამოსახულების ტექსტად გარდაქმნიდან და ჰომოფონური ჩანაცვლების შიფრის ანალიზით დაწყებული, შესაბამისი კოდის დაწერითა და ისტორიულ ჩანაწერებთან ინფორმაციის შედარებით დასრულებული.
გაშიფრულმა ტექსტმა 1809 წელს ბავარიის, პოლონეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალების განლაგების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოავლინა.
იმ პერიოდში ევროპა ახალი ომის ზღვარზე იყო. ავსტრია საფრანგეთთან ომისთვის ემზადებოდა, მაშინ როდესაც საფრანგეთის არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი ესპანეთში იყო. დალმატიაში ფრანგულ ჯარებს მარმონი მეთაურობდა და ავსტრიის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში მისი ძალები იზოლაციის საფრთხის წინაშე იდგა.
1809 წლის 16 მარტს ნაპოლეონმა ეჟენ დე ბოარნეს დაავალა, მარმონისთვის საფრანგეთისა და მოკავშირეების ძირითადი ძალების განლაგების შესახებ ინფორმაცია გადაეცა. ნაპოლეონმა ასევე გასცა ბრძანება, რომ შეტყობინება „შიფრით დაწერილიყო“ და მისი გადატანა სანდო ოფიცერს დაევალა.
„რუსები ავსტრიის წინააღმდეგ მიემართებიან, ხოლო ფრიულის არმია დღეს 80 000 კაცს ითვლის“, - ნათქვამია გაშიფრულ დოკუმენტში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ავსტრიას ყველა მხრიდან ერთდროულად დაესხმებოდნენ თავს.
„დაუმატეთ დალმატიის კორპუსი, უკანა ხაზში ყველგან ორგანიზებული რეზერვების ჩაუთვლელად, და დაინახავთ, რომ ავსტრიას ერთდროულად ყველა მხრიდან დაესხმებიან თავს.
შესაბამისად, ის საკუთარი დაღუპვისკენ მიიჩქარის. როდესაც გადაადგილების ბრძანებას მიიღებთ, რამდენიმე ჯარისკაცმა ან ხალხის ბრბოს შეკრებამ არ უნდა შეგაშინოთ“, - წერია დოკუმენტში.
იმედი
წყარო: imedinews.ge