
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ახალი საჯარო სკოლა გახსნეს. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრებმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
435 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდა სასწავლო სივრცეები. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე კეთილმოეწყო სარეკრეაციო სივრცე, შიდა და გარე სპორტული მოედნები.
საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია.
იმედი
წყარო: imedinews.ge