
კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია: ვგმობთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ სიუჟეტს, რომელშიც ლეიკემია - სიცოცხლისთვის საშიში ონკოლოგიური დაავადება და მისი მქონე ადამიანების მკურნალობის შედეგად დამდგარი თმის ცვენა დაცინვისა და სიცილის საგნად იქცა
კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გმობენ ბოლო პერიოდში გავრცელებულ სიუჟეტს, რომელშიც ლეიკემია — სიცოცხლისთვის საშიში ონკოლოგიური დაავადება — და მისი მქონე ადამიანების მკურნალობის შედეგად დამდგარი თმის ცვენა დაცინვისა და სიცილის საგნად იქცა.
„კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია" გმობს ბოლო პერიოდში გავრცელებულ სიუჟეტს, რომელშიც ლეიკემია — სიცოცხლისთვის საშიში ონკოლოგიური დაავადება — და მისი მქონე ადამიანების მკურნალობის შედეგად დამდგარი თმის ცვენა დაცინვისა და სიცილის საგნად იქცა.
თმის ცვენა ქიმიოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მძიმე გვერდითი მოვლენაა. ის არ არის ხუმრობის თემა — ეს იმ ადამიანების რეალობაა, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან. დაავადებაზე და მის ხილულ კვალზე სიცილი არ არის იუმორი. ეს არის ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანის ღირსების შელახვა და მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაღრმავება.
ჩვენ არ ვართ იუმორის წინააღმდეგ. ჩვენი პაციენტებიც ხშირად სწორედ იუმორით უმკლავდებიან ყველაზე მძიმე დღეებს. მაგრამ ღირსეული ხუმრობა და დაავადებული ადამიანის დაცინვა ერთი და იგივე არ არის. პირველი ეხმარება, მეორე — აზიანებს.
მოვუწოდებთ სიუჟეტის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის გიორგი კალატოზსა და ნიკა შევარდნაძეს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ყველა ონკოპაციენტის წინაშე და გაიაზრონ თავიანთი ნათქვამის რეალური ფასი.
ასევე მოვუწოდებთ სიუჟეტის სპონსორებსა და პარტნიორებს, მათ შორის Betsson Sport-სა და TBC Bank-ს, საჯაროდ განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება მსგავსი შინაარსის მიმართ და გადახედონ, რა ღირებულებებს უჭერენ მხარს თავიანთი დაფინანსებით.
