
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა - ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი - www.ekalata.gov.ge წარადგინა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის მოკლევადიანი სტრატეგიის მიხედვით, ქსელებმა დაიწყეს მომხმარებლისთვის საუკეთესო შემოთავაზებები, საოჯახო კალათის საბაზისო სასურსათო პროდუქციაზე. სტრატეგიის ფარგლებში სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.
ვებ-გვერდზე www.ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე - 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეადარონ პროდუქტის ღირებულებები და საუკეთესო შეთავაზებების შესახებ მიიღონ ინფორმაცია. გარდა ამისა, მოქალაქეები შეძლებენ, კატეგორიის მიხედვით მოძებნონ, თუ სად შეიძენენ მათთვის სასურველ პროდუქტს საუკეთესო პირობებით და შექმნან საკუთარი კალათა, სადაც ასახული იქნება ფასების ჯამური მაჩვენებელი.
პორტალის პრეზენტაციაზე GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ პლატფორმის მიზანია, მომხმარებლის ინფორმირებულობა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების უფრო გამჭვირვალე წარმოდგენა. მისივე თქმით, ელექტრონული პლატფორმა ხელს შეუწყობს FMCG სექტორში კონკურენციის ხარისხის შემდგომ გაძლიერებას და მოქალაქეებს საშუალებას მისცემს გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
