
კონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს
ლატვიის დედაქალაქ რიგაში კონტაქტურ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა. ქართველმა კარატისტებმა დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდი - ოთხი ოქროსა და სამი ბრინჯაოს, მედალი მოიპოვეს.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დავით მსხალაძე ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა, მან ამ ტიტულის მოპოვებით, 2027 წელს იაპონიაში აბსოლუტურ წონაში დაგეგმილი კარატეს მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზიაც მოიპოვა, რომელზეც ევროპის კონტინენტიდან რეიტინგში პირველ ნომრად იქნება წარდგენილი.
U21-წლამდელთა კატეგორიაში ჩემპიონობა იზეიმეს ანა ძიძიკაშვილმა (-50 კგ), დიმიტრი მსხალაძემ (-70 კგ) და ავთანდილ პარწიკანაშვილმა (+ 90 კგ), ბრინჯაოს პრიზიორები კი, ლუკა მგელაძე (-60 კგ), ოსკარ ჰინშლეი (-70 კგ) და ნიკა ნაგერვაძე (-85 კგ) გახდნენ.
ორივე დღის ჯამში, საქართველომ U16-წლამდელთა ჭაბუკებში, U21 ახალგაზრდებში და დიდებში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე 14 მედალი: 6 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს დელეგაცია ევროპის ჩემპიონატზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფება, რომელსაც სპორტის მინისტრის მოადგილე, საქართველოს წარმომადგენელი ევროპის საერთაშორისო კარატეს ორგანიზაციაში, ირაკლი დოლაბერიძე ხელმძღვანელობს.
იმედი
წყარო: imedinews.ge