
კონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს, ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, კონტაქტურ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს U16 წლამდე სპორტსმენებმა იასპარეზეს. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ანგარიშზე ჯამში, შვიდი - 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს, მედალია.
გოგონებში ანამარია მსხალაძემ (-60 კგ) კარიერის განმავლობაში, ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი პირველად მოიპოვა, ლიზი ჯინჭარაძე (-50 კგ) კი, ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
ბიჭებში -50 კგ კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა, რა დროსაც ოქროს მედალი არტურ ზადურიანმა მოიპოვა, რომელმაც ორთაბრძოლებში ჩემპიონობას - საქართველოს მონაგარს, კომპლექსური ვარჯიშის ფორმა კატაში ბრინჯაოს მედალიც შემატა. ხოლო ვერცხლის მედლის მფლობელი დემეტრე კაჭარავა გახდა. ასევე ვერცხლის მედალოსანი გახდა გიორგი გვიანიძე (-55 კგ), არტურ არუთუნიანმა (-65 კგ) კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
4 ოქტომბერს რიგის „დაუგავას“ სპორტკომპლექსის არენაზე ასპარეზობაში U21 წლამდე ახალგაზრდები ჩაერთვებიან. აგრეთვე ევროპის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს დიდებში ევროპის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მფლობელიც გაირკვევა: საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი - დავით მსხალაძე და დათა ფუტკარაძე - იბრძოლებენ.
კონტინენტის პირველობაზე 25 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge