
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ილმაზლოში არქეოლოგიური კვლევები გრძელდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოსთან მდებარე მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ექსპედიციის ხელმძღვანელ გიორგი გოგოჭურთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ილმაზლოს ნამოსახლარის კვლევა 2020 წლიდან დაიწყო და პერიოდულად გრძელდება. ამჟამად გათხრილია დაახლოებით 700 კვ. მ ფართობი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი კულტურული ფენები და სტრუქტურები ექვს სხვადასხვა ეპოქას განეკუთვნება, რაც ძეგლს განსაკუთრებულ სამეცნიერო მნიშვნელობას ანიჭებს.
ყველაზე ადრეული აღმოჩენები ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებს მიეკუთვნება და წარმოდგენილია საკურთხევლითა და სამეურნეო ორმოთი. შემდეგი ქრონოლოგიური ჯგუფი რკინის ხანას განეკუთვნება და ძვ. წ. VIII–VII საუკუნეებით თარიღდება. აღმოჩენილია ანტიკური ხანის დასასრულისა და ელინისტური ეპოქის პერიოდის სამარხებიც.
ნამოსახლარი 2011 წელს, ახალი მშენებლობის პროცესში გამოვლინდა; იგი მტკვრისპირა ბუნებრივ ბორცვზე მდებარეობს. მკვლევართა ვარაუდით, ნამოსახლარის ბორცვზე აღნიშნული ეპოქების სამშენებლო ფენებიც უნდა არსებობდეს, რომელთა გამოვლენაც შემდგომი არქეოლოგიური კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იქნება.
ილმაზლოს მრავალფენიანი ნამოსახლარის სისტემური შესწავლა მნიშვნელოვანია არამხოლოდ კონკრეტული ძეგლის ისტორიისა და არქეოლოგიური კულტურების კვლევის თვალსაზრისით, არამედ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ქვემო ქართლის ისტორიული განვითარების პროცესების უკეთ შესასწავლადაც.
ილმაზლოს მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიურ კვლევაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუშაობს.
ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge