
ლანა მორგოშია: წელს განსხვავებული არის 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე იმით, რომ მასთან ერთად აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს. შესაბამისად, კიდევ უფრო დატვირთული და ამაღელვებელია ეს დღე ჩვენთვის
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერში 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ლანამ მორგოშიამ განაცხადა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ფინალურ ეტაპზეა და ხვალ მოსულ სტუმრებს ზუგდიდის მთავარ მოედანზე იუსტიციის სამინისტრო მრავალფეროვანი პროგრამით დახვდება. ლანა მორგოშიას თქმით, წელს 26 მაისთან ერთად აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავი და ეს დღე ორმაგად საზეიმო და განსაკუთრებულია.
„გვექნება არაერთი მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი, სპორტული, კულტურული ღონისძიება, ისევე, როგორც ყოველ წელს. უბრალოდ, წელს განსხვავებული არის 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე იმით, რომ მასთან ერთად აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს. შესაბამისად, კიდევ უფრო დატვირთული და ამაღელვებელია ეს დღე ჩვენთვის. იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად წარმოდგენილია სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში. წელს აღვნიშნავთ ზუგდიდში და წარმოვადგენთ ჩვენი ეროვნული არქივის ინსტალაციებს, ასევე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ისტორიასა და ქრისტიანობის ისტორიასთან ერთად წარმოვადგენთ ისტორიას ზუგდიდის შესახებ, ისტორიულ ფაქტებს. გვექნება თემატური სტენდები, სივრცეები, ჩვენი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართულებებიც იქნება წარმოდგენილი. ასევე, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული კუთხეები. მე შემიძლია მიკერძოების გარეშე ვთქვა, რომ მეგრული სამზარეულო არის ძალიან გამორჩეული და, შესაბამისად, ესეც გვაქვს გათვალისწინებული. გვაქვს მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რადგან ჩვენი ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სწორედ ამ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით სერვისს აწვდის და 26 მაისსა და სხვა ღონისძიებებზეც გვაქვს გამოფენა-გაყიდვა. გვექნება, ასევე, ყველასათვის ნაცნობი და ძალიან მოთხოვნადი სამახსოვრო პასპორტები, ქორწინების სივრცე, რომელიც არაჩვეულებრივად იქნება მოწყობილი და, წინა წლების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ყოველთვის ერთი წყვილი მაინც გვყავს ხოლმე, რომელიც ამ დღეს ხელს აწერს. ვცდილობთ, ყველა ასაკის სტუმრის გემოვნება და მოთხოვნილებები გავითვალისწინოთ, თუმცა, ბავშვებში დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა. ჩვენც გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი პენიტენციური სამსახურის აღჭურვილობა და კვადროციკლები. ასევე, მოსწონთ სამახსოვრო პასპორტები, ID ბარათების კუთხე, სადაც შესაძლებელია ფოტოს გადაღება“, – განაცხადა ლანა მორგოშიამ.
იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ხვალ ზუგდიდში აღნიშნავს. მთავარ მოედანზე ღონისძიებები 11.00 საათიდან დაიწყება. 17.10 საათზე გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. საზეიმო ღონისძიებები საღამოს გალა კონცერტით დასრულდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge