
ლაშა რიჟამაძე საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: ყველა მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანია ამბობს, რომ მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკაში
გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები” დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძემ იმ საერთაშორისო რეგულაციაზე ისაუბრა, რაზეც საპარლამენტო კომისიის დასკვნაშია მითითებული. როგორც მან აღნიშნა, ყველა მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანია ამბობს, რომ საჭიროა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი კანონმდებლობა.
„ლოჯისტიკის მიმართულებით სადისტრიბუციო კომპანიები ყოველწლიურად ვითარდებიან, მასშტაბები იქმნება და ეს გარდაუვალი პროცესია ყველა განვითარებულ ქვეყანაში. კარგი იქნება სახელმწიფოს მხრიდან რაღაც ტიპის ხელშეწყობა ნებისმიერი სექტორის მიმართულებით, რაც ამ პროცესს დააჩქარებს. მაგრამ, ეს თავის თავში არ გულისხმობს იმას, რომ ამ მასშტაბების შექმნით ჩვენ მივიღოთ მოთამაშეთა შემცირებული რაოდენობა. თუ ჩვენ დღეს, მაგალითად, გვყავს რამდენიმე ასეულობით მიმწოდებელი, მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია, ეს არ გულისხმობს, რომ ვიღაც სწრაფად გაეთიშოს თამაშს და გამსხვილდეს ისე, რომ მცირე ჯგუფმა დაადგინოს ფასები ბაზარზე. ეს საკმაოდ ნელი პროცესია, ეს პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში გასავლელია, მაგრამ ეს არის გრძელვადიანი.
ყველა მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანია ამბობს, რომ მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაშია. თუ აქ მარჟების დადგენაზეა საუბარი, ეს ფაქტობრივად, შეუძლებელია და არსად განვითარებულ ქვეყანაში ან არ ჩარეულან, ან სადაც ჩაერივნენ, უკუშედეგი გამოიწვია. ყველგან, სახელმწიფომ საჭიროდ ჩათვალა, რომ ეს ურთიერთობა საჭიროებდა რეგულირებას.
კომპლექსურ ნაწილში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ამ რეგულაციის არსებობა, რომ ეს ურთიერთობები გაჯანსაღდეს და კონკურენცია სწორად წარიმართოს, დადგინდეს ისეთი თამაშის წესები, რაც განავითარებს წარმოებას. სამართლიანი სავაჭრო პირობების შემთხვევაში მწარმოებელი ბევრად უფრო მოგებული აღმოჩნდება ამ პროცესში“, - აღნიშნა რიჟამაძემ.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა.
იმედი
წყარო: imedinews.ge