
ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთის და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის 0.9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 5,3 კმ-ია და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
„არსებულ გზაზე საფარი მხოლოდ გრუნტოვანი იყო და ატმოსფერული ნალექის შემთხვევაში მასზე მოძრაობა რთულდებოდა.
პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შესყიდვის ბმული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge