
ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის შემოსვლა უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არასდროს გვქონია
ავიაკომპანია China Eastern Airlines თბილისსა და შანხაის შორის ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განახორციელებს, ეს ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენაა, რადგანაც აქამდე შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ გვქონია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში China Eastern Airlines-ის საინაუგურაციო ფრენის შესრულების შემდეგ. მისი თქმით, აღნიშნულ ფრენებსა და მგზავრთნაკადის ზრდას ხელი შეუწყო იმ ფაქტორმაც, რომ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს.
„არის მოლოდინი იმის, რომ ჩვენს საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი ტურისტული ნაკადები, ახალი მიმართულებები დაემატება. დღევანდელი ფრენა ხელს შეუწყობს ქვეყანას გაზარდოს ტურისტული ნაკადები, ეკონომიკურად დაკავშირებული იყოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან - ჩინეთთან, რომელიც თავის მხრივ, როგორც ეკონომიკურ, ასევე ბიზნეს მოგზაურებს მოიზიდავს. უფრო მოქნილი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვისაც, რომ ახალი ტურისტული ბაზრები აითვისონ, მოინახულონ ჩინეთი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკომპანია China Eastern-ი, რომელიც დღეიდან თბილისსა და შანხაის შორის, პირდაპირ რეისებს კვირაში სამი სიხშირით ასრულებს. ტურისტები ახალ მიმართულებებს აითვისებენ და ბაზარი უფრო მოქნილი იქნება, ეკონომიკურად უფრო გაძლიერდება ჩვენ ორ ქვეყანას შორის კავშირები“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მზარდი დინამიკით გამოირჩევა. 2025 წელს საქართველომ ჩინეთიდან 100,470 საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც ჩინეთის ბაზრიდან მოთხოვნის სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს.
China Eastern Airlines მესამე უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის კიდევ ორი უმსხვილესი ავიაკომპანია: Air China და China Southern Airlines წარმატებით ოპერირებენ, რომლებიც რეგულარულ რეისებს თბილისსა და ურუმჩის შორის ასრულებენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge