
მაია ბითაძე: ვიზალიბერალიზაციის თემით შანტაჟით საქართველოს მოსახლეობაზე გავლენას ვერ მოახდენენ, პირიქით, ეს უფრო გააღვივებს სკეპტიციზმს ევროკავშირისადმი
ყოველ ჯერზე, როდესაც ვიზალიბერალიზაციით შანტაჟს დაგვიწყებენ, ყველამ კარგად გავიხსენოთ შანტაჟის რომელი ინსტრუმენტი გამოეცალათ მათ. ეს იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა, რაზეც ჩვენ განვაცხადეთ, რომ რამდენიმე წელი არ დავაყენებთ დღის წესრიგში ამ საკითხს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საკითხზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს შანტაჟის რგოლი ამოვარდა და დარჩათ ერთადერთი ბერკეტი - ვიზალიბერალიზაციით დამუქრება.
„ვიზალიბერალიზაციის ინსტრუმენტის შეწყვეტა არ არის ასეთი მარტივი, რადგან ეს არ იყო ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ვინმემ გვაჩუქა. ეს იყო ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულებების შესრულების შედეგად მინიჭებული უფლება საქართველოს მოსახლეობისადმი, რაც ძალიან დიდი შრომის შედეგად მიიღო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მეშვეობით საქართველოს მოსახლეობამ.
ჩვენ გვახსოვს, რომ დაიწყო ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებთან მიმართებით და საფუძველი, რომლითაც ფიქციურად შეწყვიტეს, ეს იყო იმდროინდელი სამართლებრივი საფუძველი, რომ თურმე ევროკავშირის უსაფრთხოებას უქმნიდნენ საფრთხეს აღნიშნული პასპორტის მფლობელები, შემდგომ დოკუმენტში ცვლილებები შეიტანეს საქართველოსთვის და გაამყარეს საკუთარი არასამართლიანი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სამარცხვინოა, როდესაც ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და სამართლიანობის სიმბოლო იყო მთელი მსოფლიოსთვის, დღეს შანტაჟის იარაღად იყენებს ვიზალიბერალიზაციის თემას.
ბითაძის თქმით, ვიზალიბერალიზაციის თემით შანტაჟით საქართველოს მოსახლეობაზე გავლენას ვერ მოახდენენ, პირიქით, ეს უფრო გააღვივებს სკეპტიციზმს ევროკავშირისადმი.

