
მაკა ბოჭორიშვილი: არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც რაღაც აბსტრაქტული საკითხების ფასად ქვეყანა არ გაწირა
არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი თავი, დავიცავით ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც რაღაც აბსტრაქტული საკითხების ფასად ქვეყანა არ გაწირა და არ დააზიანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე პრემიერის თქმით, საომარ მოქმედებაში ჩართვის შემთხვევაში საქართველო შეიძლებოდა საერთოდ გამქრალიყო.
„რთული მისაღები აღმოჩნდა ეს გარკვეული ძალებისთვის. ერთი პატარა ქვეყანა, ერთი პატარა პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“ - როგორ ბედავს და როგორ ეწინააღმდეგება იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანას სულ სხვა ფუნქცია უნდა ჰქონოდა. საქართველოს არაფერი დაუშავებია, ყველა სანქციის შემოღების დღიდან და მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენსავით კეთილსინდისიერად თავად ევროკავშირის წევრები არ იქცევიან. ერთი პატარა ქვეყანა, რომელიც ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ მოცემულობა არსებობს, ახერხებს იმას, რომ ჰქონდეს ისეთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომ სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ უფიქსირდებოდეს. მიუხედავად ამის, არ წყდება ამ ქვეყანაზე თავდასხმა და გამოგონილი სტატიების წერა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩის დაბარების საკითხსაც გამოეხმაურა.
„არაერთი მანიპულაცია, არაერთი დეზინფრომაცია და ასე ზიანდება ჩვენი ქვეყნის იმიჯი, ამიტომაც ვეღარ შევძლებდით, რომ არ მიგვექცია ყურადღება ამ [ბრიტანეთის ელჩის] განცხადებისთვის და არ დაგვეფიქსირებინა ბრიტანეთის ელჩისთვის ჩვენი წუხილი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრაზე მიიწვიეს. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხს და საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობას. დიდი ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღინიშნა, რომ მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და ამგვარი მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს ამ მიმართულებით.

