
მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია, არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა
ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია, არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას.
მისივე თქმით, ევროპა საქართველოსთვის ღირებულებების სივრცეა და სწორედ ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული არჩევანია.
„ამავე დროს, ჩვენი საგარეო პოლიტიკა ეფუძნება მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან პრინციპს. მრავალვექტორული დიპლომატია ჩვენთვის არ ნიშნავს არჩევანს პარტნიორებს შორის. ის ნიშნავს მეტი პარტნიორის შეძენას. ჩვენ აქტიურად ვაღრმავებთ თანამშრომლობას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ვაძლიერებთ ურთიერთობებს შავი ზღვის რეგიონში, ვავითარებთ კავშირებს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ეკონომიკებთან. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებთან, რაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა იქცეს ეკონომიკურ, საინვესტიციო და ლოგისტიკურ პლატფორმად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს განსხვავებულ რეგიონებსა და ეკონომიკებს. საქართველოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა არასოდეს ნიშნავდა და ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული არჩევანის ბუნდოვანებას.
ევროპა ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური გაერთიანება არ არის. ეს არის ღირებულებების სივრცე და სწორედ ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული არჩევანია. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ ევროპა სწორედ ღია პარტნიორობებით, ურთიერთდაკავშირებულობითა და სანდო პარტნიორების ფართო ქსელით ძლიერდება. საქართველო მზად არის, ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია – არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა.
ისტორიის მანძილზე დიდი ცვლილებები ცდიდა ერების სიბრძნეს, სიმამაცესა და ხედვას. სამყარო წინ მიიწევს არა მაშინ, როდესაც გამოწვევები ქრება, არამედ მაშინ, როდესაც საზოგადოებები ერთად პოულობენ მათი გადალახვის გზებს. ასეთ დროს დიალოგი აუცილებლობაა და არა არჩევანი. თანამშრომლობა კი არის საფუძველი, რომელზეც მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა და პროგრესი შენდება. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიოში წარმატებას მიაღწევს ის, ვისაც შეუძლია, იყოს ღია, კონკურენტუნარიანი და სანდო“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge