
მაკა ბოჭორიშვილი: მრავალვექტორული დიპლომატია ჩვენთვის არ ნიშნავს არჩევანს პარტნიორებს შორის. ის ნიშნავს მეტი პარტნიორის შეძენას
მრავალვექტორული დიპლომატია ჩვენთვის არ ნიშნავს არჩევანს პარტნიორებს შორის. ის ნიშნავს მეტი პარტნიორის შეძენას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვერც ერთი ეკონომიკური პროექტი ვერ იქნება წარმატებული, თუ მის საფუძველში მშვიდობა და უსაფრთხოება არ დგას.
„შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება ვაჭრობა, ენერგეტიკა, ციფრული კავშირები, ინოვაცია, საერთო იდეები და ინტერესები. საქართველოს მიზანია, იყოს ამ პროცესის არა მხოლოდ გეოგრაფიული ნაწილი, არამედ მისი სანდო, პროგნოზირებადი და პასუხისმგებლიანი პარტნიორი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვერც ერთი ეკონომიკური პროექტი ვერ იქნება წარმატებული, თუ მის საფუძველში მშვიდობა და უსაფრთხოება არ დგას
ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მშვიდობაზე სხვებზე მეტს საუბრობს არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფამ, მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მისცა საქართველოს შესაძლებლობა, ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ჩამოყალიბებულიყო ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით, საშუალოდ, დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით.
მაღალი ეკონომიკური ზრდა, რეკორდული ტურიზმი, მზარდი ექსპორტი, გაზრდილი უცხოური ინვესტიციები და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო ადასტურებს, რომ სტაბილურობა ეკონომიკურ წარმატებად გარდაიქმნება. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ვავითარებთ პორტებს, სარკინიგზო და საგზაო კავშირებს, ენერგეტიკულ და ციფრულ პროექტებს, რომლებიც მთლიან რეგიონს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ევროპა საქართველოსთვის ღირებულებების სივრცეა და სწორედ ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული არჩევანია.
ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა.
„ამავე დროს, ჩვენი საგარეო პოლიტიკა ეფუძნება მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან პრინციპს. მრავალვექტორული დიპლომატია ჩვენთვის არ ნიშნავს არჩევანს პარტნიორებს შორის. ის ნიშნავს მეტი პარტნიორის შეძენას. ჩვენ აქტიურად ვაღრმავებთ თანამშრომლობას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ვაძლიერებთ ურთიერთობებს შავი ზღვის რეგიონში, ვავითარებთ კავშირებს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ეკონომიკებთან. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებთან, რაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა იქცეს ეკონომიკურ, საინვესტიციო და ლოგისტიკურ პლატფორმად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს განსხვავებულ რეგიონებსა და ეკონომიკებს. საქართველოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა არასოდეს ნიშნავდა და ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული არჩევანის ბუნდოვანებას.
ევროპა ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური გაერთიანება არ არის. ეს არის ღირებულებების სივრცე და სწორედ ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული არჩევანია. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ ევროპა სწორედ ღია პარტნიორობებით, ურთიერთდაკავშირებულობითა და სანდო პარტნიორების ფართო ქსელით ძლიერდება. საქართველო მზად არის, ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია – არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა.
ისტორიის მანძილზე დიდი ცვლილებები ცდიდა ერების სიბრძნეს, სიმამაცესა და ხედვას. სამყარო წინ მიიწევს არა მაშინ, როდესაც გამოწვევები ქრება, არამედ მაშინ, როდესაც საზოგადოებები ერთად პოულობენ მათი გადალახვის გზებს. ასეთ დროს დიალოგი აუცილებლობაა და არა არჩევანი. თანამშრომლობა კი არის საფუძველი, რომელზეც მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა და პროგრესი შენდება. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიოში წარმატებას მიაღწევს ის, ვისაც შეუძლია, იყოს ღია, კონკურენტუნარიანი და სანდო“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge