
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე: ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ
ევროპარლამენტის დოკუმენტებს სრულიად იგნორს ვერ გავუკეთებთ, რადგან მასში გარკვეული პოლიტიკოსების აზრები ხომ აისახება, გარკვეული ნარატივი ხომ ყალიბდება და ეს არის სრულიად ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომელიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შელახონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან უპასუხა კითხვას - რა ფონი იქმნება იმ განცხადებებით თუ რეზოლუციებით და იმ ხმაურით, რაც საქართველოს ირგვლივ არის?
„რეზოლუციებს რომ ძალა არ აქვს და ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. თავად ევროპელი პოლიტიკოსების, ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ხშირად გვსმენია, რომ ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკაზეო. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ისეთივე ინსტიტუტი, როგორც ევროკომისია, ევროკავშირის საბჭო. შესაბამისად, მათ დოკუმენტებს სრულიად იგნორს ვერ გავუკეთებთ, იქიდან გამომდინარე, რომ მასში გარკვეული პოლიტიკოსების აზრები ხომ აისახება, გარკვეული ნარატივი ხომ ყალიბდება და ეს არის სრულიად ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომელიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შელახონ. ამას ძალა არ აქვს, არანაირი პოლიტიკური წონა ამ დოკუმენტებს არ აქვს, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია თუნდაც სამი ევროპარლამენტარი ასეთი ფორმით ესხმოდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას სრულიად უსაფუძვლოდ, სრულიად ტყუილებზე დაფუძნებით და უპასუხოდ დავტოვოთ თუნდაც მათი ასეთი კამპანიები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც უკვე რამდენი წელიწადია მიმდინარეობს”, - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ვიდეომიმართვას, სადაც მან თქვა: „2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო“.

