
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს
„საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ქვეყანა ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ციფრულ ინფრასტრუქტურას აუმჯობესებს და მხარს უჭერს ტექნოლოგიურ პროგრესს და ქმნის მყარ საფუძველს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი დანერგვისთვის.
„საქართველო ამ გლობალური ტრანსფორმაციის მიღმა არ დარჩება. ამჟამად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ სტრატეგიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში კი ვაფუძნებთ ქვეყნის პირველ ხელოვნური ინტელექტის კვლევით ცენტრს. ეს სივრცე გააერთიანებს მკვლევრებს, სტარტაპერებსა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს, რათა ერთობლივად შევქმნათ პრაქტიკული AI-პროდუქტები და ხელი შევუწყოთ ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის განვითარებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მანვე ყურადღება გაამახვილა კონფერენციის გახსნის დღეზე, როდესაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, პრეზიდენტ სი ძინპინის მიმართვისთვის მოესმინა. მისი თქმით, ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდ როლს ანიჭებს ჩინეთი საერთაშორისო პარტნიორობასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას.
იმედი
წყარო: imedinews.ge