
მედია: აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ პირველი შეთანხმება გააფორმეს
აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციისა და ინვესტიციების ფონდმა (URIF) უკრაინულ კომპანია BGV Group Management-თან კრიტიკული მინერალების მოპოვების მიმართულებით პირველი საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა. მხარეებმა, ჯამში, დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ღირებულების რამდენიმე საინვესტიციო პროექტი წარადგინეს, იუწყება უკრაინული მედია.
შეთანხმება 2 ოქტომბერს გამოცხადდა. URIF BGV Group-თან ერთად ერთობლივ საინვესტიციო პლატფორმას შექმნის, რომლის მიზანიც უკრაინაში სამთო-მომპოვებელი პროექტების პორტფელის ჩამოყალიბებაა. თავდაპირველად ყურადღება იშვიათი წიაღისეულის ელემენტების, ბერილიუმისა და ცირკონიუმის საბადოების მოძიებაზე გამახვილდება.
კრიტიკული მინერალების პროექტის საინვესტიციო მოცულობა ოფიციალურ განცხადებაში დაკონკრეტებული არ ყოფილა. თუმცა, Reuters-ის ცნობით, გარიგების ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარი იქნება.
აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციისა და ინვესტიციების ფონდი 2025 წლის აპრილში გაფორმებული ე.წ. „მინერალების შეთანხმების“ საფუძველზე შეიქმნა. შეთანხმება უკრაინაში ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს და აშშ-ს უკრაინაში საინვესტიციო პროექტებზე პრიორიტეტულ წვდომას აძლევს.
კრიტიკული მინერალების პროექტთან ერთად, ფონდმა ენერგეტიკის სექტორში კიდევ ორი ინვესტიციის შესახებაც გამოაცხადა. ერთ-ერთი მათგანი უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგოკომპანია DTEK-თვის ადრე გამოყოფილ 85 მილიონი ევროს სესხს უკავშირდება. ახალი ინვესტიცია კომპანიას კრიტიკული მნიშვნელობის ბატარეების საცავის პროექტისთვის დამატებით კაპიტალზე წვდომას მისცემს, მათ შორის რუსული თავდასხმებით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში.
DTEK-მა ბატარეების საცავი ამერიკულ კომპანია Fluence Energy-თან თანამშრომლობით გასული წლის სექტემბერში გახსნა. სისტემაში 698 Gridstack-ის ბატარეაა გაერთიანებული, რომელთა საერთო სიმძლავრე 200 მეგავატია. პროექტს დაახლოებით 600 000 უკრაინული ოჯახისთვის ორი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლია და მისი მიზანია ელექტროენერგიის გათიშვის რისკის შემცირება და კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ელექტროსისტემის სტაბილურობის გაუმჯობესება.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ოლექსი სობოლევმა განაცხადა, რომ ახალი ინვესტიციები უკრაინაში ინვესტორების ნდობის ზრდას შეუწყობს ხელს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, ახალი ინვესტიციები 2025 წლის აპრილში მიღწეული შეთანხმების განხორციელების გაგრძელებას წარმოადგენს.
ფონდის შეთანხმების პირველი 10 წლის განმავლობაში მიღებული ყველა მოგება უკრაინაში ხელახლა ინვესტირდება. ამასთან, ფონდის შენატანად შესაძლოა ჩაითვალოს აშშ-ის სამხედრო დახმარებაც.
იმედი
წყარო: imedinews.ge